სიმართლე გითხრა, შენთვის წერილის მოწერა აქამდე თავში არასოდეს მომსვლია, რადგან ცოტათი ყოველთვის მეუცნაურებოდა ადამიანები საკუთარ თავებს, თუნდაც წარსულში, მეორე პირში რომ მიმართავდნენ ხოლმე. თუმცა ახლა ვხვდები, რომ მე და შენ ალბათ იმდენივე საერთო გვაქვს, რამდენიც მე და ნებისმიერ მესამეს, ვისთვისაც შეიძლებოდა მიმეწერა, იმის მიუხედავად, რომ შენ ის საფუძველი ხარ, რომელზეც მე საკუთარ “მეს,” ჩვენს ერთობლივ “ჩვენს” ვაშენებ. თან იმ ყველაფერს, რასაც საკუთარ 17 წლის, ჭყინტ თავს ვეტყოდი, ახლაც ხშირად ვეუბნები ხოლმე. რამდენად მესმის, ეგ სხვა საკითხია, ჰოდა, იქნებ მეორე პირში, შორიდან უკეთ გავიგო.
ერთმანეთი ახლა რომ გაგვეცნო, მეგობრები ნამდვილად არ ვიქნებოდით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მე ახლა იმას ვბედავ, რისიც შენ სიკვდილამდე, მიწაში ჩაძრომამდე გეშინოდა - შენი ნაწერების სახალხოდ, სხვების განსასჯელად გამოფენას. თუმცა ეგ არაფერი, მეც არ გადავირეოდი შენს გემოვნებაზე და რომანტიკულ სიბრიყვეზე. ალბათ მაგიტომაც არ მიფიქრია შენზე ბევრი - თითქოს დაგმალე, შენ შესახებ ყველა მოგონება სადღაც შევჩურთე და თითქოს არც გიარსებია. თუმცა, ხანდახან მიფიქრია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი, აუცილებელიც კი გადავაყოლე უხერხულ ფოტოებს და შავ, უფორმო კაბებს. ამიტომაც, როგორც არ უნდა გვესიკვდილებოდეს, ამ წერილის ბოლომდე უნდა გავიდეთ.
ის ყველაფერი, რაც მინდა რომ გითხრა, გარკვეულწილად უკვე იცი, მე უბრალოდ ამ ყველაფრის მტკიცებით ფორმაში გადაყვანაზე ვმუშაობ - ჩემი დასკვნები იმ მარცვლებიდან ამოიზარდა, შენ რომ ახლა, მართალია ჰორმონებით და ბრაზით აღსავსე, მაგრამ მაინც აგროვებ და აკოწიწებ. მაგალითად, შენ ახლა ყურებამდე, სისულელემდე შეყვარებული ხარ - ეგ მათრობელა, მუხლების დამდნობი შეგრძნება კარგად მახსოვს. თუმცა, მალე გაიგებ და ცოტა უფრო გვიან დაიჯერებ, რომ სიყვარული საერთოდ არ არის არც მთავარი და მით უმეტეს არც აუცილებელი. სამყარო არავის გამო და შემდეგ არ დასრულდება, შენ გარდა - თავს მოუარე. ამის გაგება საკუთარ თავში სახლის აშენების გრძელი და დამღლელი პროცესის ნაწილია, შენ რომ დაიწყე რომელიც მე ჯერ კიდევ არ დამისრულებია, აბა ვნახოთ 37 წლის ასაკში რას ვიზამთ. თუმცა, ალბათ გაგიხარდება რომ იცოდე, რომ საძირკველი და კედლები უკვე გვაქვს.
შეცდომების დაშვების შიში ყველაზე უსარგებლო შიშია სამყაროში, იმედი მაქვს მალე გაგივლის. შემიძლია დანამდვილებით გითხრა, რომ შიშით თუ უშიშრად, მათ დაშვებას ნამდვილად არ მორჩები, თუმცა მათზე შეჩერება ან წინასწარი თავის ტკივილი კარგს არაფერს მოგვიტანს. მთავარია მაგ საშინელ სიჯიუტეს გადაეჩვიო და ბოდიშის - გულწრფელი ბოდიშის მოხდა ისწავლო. თუმცა ძალიან ბევრიც ნუ მოგივა. საკუთარი მოსაზრებების “ბოდიშით” დაწყებას ახლაღა (თითქმის) გადავეჩვიეთ.
ვიცი, ვიცი როგორი დამოუკიდებელი და მაგარი ხარ, მაგრამ დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის. ამ გადმოსახედიდან შემიძლია თავისუფლად გითხრა, რომ იქ, სადაც ახლა ვართ, უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანის, განსაკუთრებით კი არაჩვეულებრივი ქალების დახმარებით მოვედით. მეგობრობის მნიშვნელობა უკვე კარგად იცი, მაგრამ ახლა სულ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობ. ზემოთ სიყვარულის (არ)აუცილებლობაზე გეუბნებოდი - სიყვარული ქიმიური მოცემულობაა, თანადგომა და მხარდაჭერა კი ნებაყოფლობითი არჩევანი. ვიცი, რომ ხანდახან გგონია, ძალა არაფრისთვის შეგწევს, მაგრამ როგორც მალე აღმოაჩენ, სხვების რწმენაში ნაპოვნი ძალა ყველაზე ძლიერი და შორსმიმავალია. სიკეთის დაბრუნებისაც ნუ მოგერიდება.
გეყოფა სხვებისგან შენი გრძნობების, ემოციების და აზრების ვალიდაციის ლოდინი - იმაზე ხშირად და იმაზე მეტად ხარ მართალი, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო. არსებობისთვის და სივრცის დაკავებისთვის ნებართვის თხოვნაც ახლავე უნდა შეწყვიტო. მეტად გჯეროდეს შენი სულელი თავის, მერე რა, რომ ხშირად მხოლოდ ინტუიციის იმედზე ხარ, დინების ნებას უნიჩბო ნავივით მინდობილი - არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდე იმისთვის, რომ შენი აზრი გქონდეს. ამ ათი წლის განმავლობაში თუ რამე ვისწავლე ის არის, რომ ცოდნა არასოდეს არის ცალსახა და წყალგაუმტარი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში წაკითხული წიგნები და მოსმენილი ლექციები სამწუხაროდ იშვიათად დაგეხმარება (თუმცა, არც ხელს შეგიშლის). უბრალოდ, ადექი და ისწავლე თქვა კი და არა, ცხადად და გასაგებად. დროზე რომ გვესწავლა, ბევრ სისულელეს ავცდებოდით.
სისულელეებზე - სიგარეტის მოწევას თუ მოუკლებ, ჩემი ფილტვები ორივეს დიდ მადლობას გვეტყვიან, კორპუსების უკან ჩქარ-ჩქარა ფუილისას არც ისე ძალიან გავხარ შენს საყვარელ როკ ვარსკვლავებს, შენ რომ გგონია. იცოდე და შეეგუე იმას, რომ ხანდახან დედა მართალია - ამას აუცილებლად შეგახსენებს და შენც აუცილებლად დაეთანხმები. თუმცა, აქვე ისიც გახსოვდეს, რომ ხანდახან დედა ცდება. დედაც ადამიანია.
საბოლოო ჯამში, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან შორსაც არ ვარ იმ ადამიანისგან, შენ რომ მოგეწონებოდა - როგორც გამოთქმაშია, your heart was in the right place, მერე რა, რომ გაუფილტრავი და მოუხეშავი ემოციების მოსიარულე ნაღმი იყავი. ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორღაც მოვახერხეთ შენი განეიტრალება და იმ ემოციური ჯურღმულებისკენ მიმავალი გზების და გვირაბების ამოქოლვა, შენ რომ ასე ძალიან გეშინოდა მათში დაკარგვის. იმ მთავარ, ძირითად რაღაცებს, რომლის დაცვასაც შენ ასე ძალიან ცდილობდი შენი თავგანწირული თინეიჯერობით, ახლა აღარაფერი ემუქრებათ. შავი კაბების ჩაცმასაც ბოლომდე არ გადავჩვეულვარ. ფრთები, რქები და სხვა წვეტიანი აქსესუარები, შენ რომ ასე მონდომებით აგროვებდი, გადავყარე, მაგრამ მაგ ნაწილს, იმედი მაქვს, რომ გაიგებ.