: ვირჯინია ვულფი
ვირჯინია ვულფი: პროფესიები ქალებისთვის
22 07 2020

-მიტჩელ ა. ლისკას წინასიტყვა:
"პროფესიები ქალებისთვის" გახლავთ ვირჯინია ვულფის გამოსვლის შემოკლებული ვერსია, რომელიც 1931 წლის 21 იანვარს, ქალთა მომსახურების ეროვნულ საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოსთქვა; ვირჯინიას გარდაცვალების შემდეგ, გამოსვლის ტექსტი დაიბეჭდა წიგნში "ღამის პეპლის სიკვდილი და სხვა ესსეები". სიტყვით გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ვირჯინიამ თავის დღიურში დაწერა: ახლა ის მომენტი მაქვს, როცა შხაპის მიღებისას მოვიფიქრე, როგორ დავწერო ახალი წიგნი - "საკუთარი ოთახის" გაგრძელება - რომელიც მიეძღვნება ქალის სექსუალურ ცხოვრებას: სახელად ალბათ ერქმევა "პროფესიები ქალებისთვის" - ღმერთო, რა ამაღელვებელია!" წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, 1932 წლის 11 ოქტომბერს, ვირჯინია ვულფმა ახალი წიგნის წერა დაიწყო: "პარგიტერები" (The Pargiters) : ესსე, რომელიც ეფუძნება ლონდონში, ქალთა მომსახურების ეროვნული საზოგადოების წინაშე წარმოთქმულ სიტყვას. შემდგომ "პარგიტერებს" სახელად "წლები" (The Years) დაერქვა და 1937 წელს გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში "საკუთარი ოთახის" გაგრძელება გახდა "სამი გინეა"(1938) და მისი პირველი სამუშაო სახელი იყო "პროფესიები ქალებისთვის".

ქვემოთ წარმოდგენილ ესსეში მთავარი აქცენტი კეთდება ვიქტორიანულ ლანდზე (მოჩვენებაზე), რომელიც ცნობილია, როგორც "ანგელოზი სახლში" (სახელი აღებულია კოვენტრი პატმორის ცნობილი ლექსიდან - რომელიც ოჯახურ ნეტარებას ეძღვნება) - და აღწერს მე-19 საუკუნეში მცხოვრებ თავდაუზოგავ, თავგანწირულ ქალს, რომლის ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოში მცხოვრებ მამაკაცთა წინაშე პირფერობა, მათთვის კომფორტის შექმნა და დაამება. ვირჯინია ვულფი წერდა, რომ "სახლში ანგელოზის მოკვლა," წარმოადგენდა ქალ მწერალთა პროფესიის ნაწილს. ეს ნამდვილად წინასწარმეტყველური განაცხადი აღმოჩნდა, რადგან დღესაც, არა მხოლოდ წერილების და ესსეების წერისას, არამედ ყველა პროფესიაში, ქალები კვლავაც მონაწილეობენ იმ სასიკვდილო შეჯიბრში, რომელსაც სოციალური და ეკონომიკური თანასწორობისთვის ბრძოლა ჰქვია.

****************

როდესაც თქვენმა მდივანმა აქ მომიწვია, მითხრა, რომ თქვენი საზოგადოება მუშაობს ქალთა დასაქმების საკითხებზე და შემომთავაზა მოგიყვეთ ჩემი პროფესიული გამოცდილების შესახებ. დიახ, მე ვარ ქალი და მე ვარ დასაქმებული; მაგრამ რა პროფესიული გამოცდილება გამაჩნია? ამის თქმა რთულია. ჩემი პროფესია ლიტერატურაა; ამ პროფესიაში ძალიან ცოტა ქალს აქვს გამოცდილება. იმის თქმა მინდა, რომ ეს პროფესია ქალისთვის უჩვეულოდ ითვლება. ჩემს წინაშე იყო გზა, რომელიც წლების წინ გაიკაფა ფანი ბერნის, არფა ბენის, ჰარიეტ მარტინოუს, ჯეინ ოსტინის, ჯორჯ ელიოტის და კიდევ ბევრი უცნობი, ან მივიწყებული ქალების მიერ. მათმა დაწყებულმა საქმეებმა გამიადვილა პირველი ნაბიჯების გადადგმა. როდესაც წერა დავიწყე, არ მომიწია ბევრი მატერიალური დაბრკოლებების გადალახვა. მწერლობა დაფასებული და უსაფრთხო პროფესია გახლავთ. კალმის ხელში აღებით ოჯახური მყუდროება არ დარღვეულა. არც ხარჯის გაღება იყო საჭირო მათი მხრიდან. ათ ფუნტად და ექვს პენსად იმდენი ქაღალდის ყიდვაა შესაძლებელი, შექსპირის ყველა პიესა რომ დაეტევა - თუ ამ კუთხით შევხედავთ, რა თქმა უნდა. მწერალს არ სჭირდება არც ძვირადღირებული პიანინო, არც პარიზში, ვენასა თუ ბერლინში სიარული. სწორედ ქაღალდის სიიაფეა მიზეზი, რატომაც დაიწყეს ქალებმა წერა, სანამ სხვა პროფესიებში ცდიდნენ ბედს.

ჩემს ამბავს რაც შეეხება - ის ძალიან უბრალოა. წარმოიდგინეთ, გოგო თავის საძინელებლში, რომელსაც ხელში კალამი მოუმარჯვებია. მისი საქმე მხოლოდ კალმის სრიალი იყო ქაღალდზე მარჯვნიდან მარცხნივ, დილის ათიდან პირველ საათამდე. ერთხელაც თავში აზრმა გაუელვა, ეს ფურცლები კონვერტში ლამაზად ჩაეწყო, საფოსტო მარკა დაეკრა და ქუჩის კუთხეში ჩამოკიდებულ წითელ საფოსტო ყუთში ჩაეგდო. სწორედ ასე გავხდი ჟურნალისტი; ჩემი ძალისხმევა მომდევნო თვის პირველივე დღეს დაფასდა. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარია - მივიღე წერილი რედაქტორისგან. კონვერტში წერილთან ერთად ერთი ფუნტის, ათი შილინგის და ექვსი პენსის ჩეკიც იდო. მაგრამ რომ დაგანახოთ, რამდენად არ ვიმსახურებ, რომ პროფესიონალი მიწოდონ, იმას მოგიყვებით, რაში დავხარჯე ჩემი პირველი ჰონორარი. იმის ნაცვლად, რომ ამ ფულით პური ან კარაქი მეყიდა, ქირა გადამეხადა, ფეხსაცმელები, ან წინდები შემეძინა ან ყასბისთვის ვალი დამებრუნებინა, წავედი და ვიყიდე კატა - მშვენიერი სპარსული კატა, რომელიც ძალიან მალე ჩემს მეზობლებთან მწვავე დაპირისპირების მიზეზი შეიქნა.

რა შეიძლება იყოს სტატიებიდან მიღებული შემოსავლით სპარსული კატის ყიდვაზე ადვილი? მაგრამ, ერთი წუთით მოიცადეთ. სტატიები რამე თემაზე უნდა ყოფილიყო. ჩემი პირველი სტატია, თუ სწორად მახსოვს, ცნობილი კაცის ნოველის შესახებ დავწერე. და სანამ ამ რევიუს ვწერდი, აღმოვაჩინე, რომ თუ წიგნების მიმოხილვების წერას განვაგრძობდი, მუდმივად ერთ კონკრეტულ ფანტომთან მომიწევდა ბრძოლა. ეს ფანტომი ქალი იყო. და როდესაც ის უკეთ გავიცანი, მას სახელად ცნობილი ლექსის "ანგელოზი სახლში"-ს გმირის სახელი დავარქვი. და ყოველთვის, როცა გაზეთისთვის რეცენზიებს ვწერდი, ჩემსა და ქაღალდს შორის ყოველთვის ის იდგა. ის იყო ვინც მაწუხებდა, დროს მაკარგვინებდა, მტანჯავდა და ბოლოს მე ის მოვკალი. თქვენ უფრო ახალგაზრდა და ბედნიერი თაობის წარმომადგენლები ხართ, შესაძლოა ამ ლექსის შესახებ არც გსმენიათ. ამიტომ შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ აღვწერო ლექსის გმირი. ის იყო წარმოუდგენლად ლამაზი. საოცრად მომხიბვლელი. სრულიად უანგარო. ოჯახური ცხოვრების ყველა სირთულე ვირტუოზულად შეეძლო გადაელახა. მას ყოველდღიურად უწევდა თავგანწირვა; თუ სადილად ქათამი ჰქონდათ, მხოლოდ ფეხს თუ შეჭამდა. თუ სადმე ორპირი ქარი იყო, თვითონ ჯდებოდა. - მოკლედ, მისი გონება ისე იყო მოწყობილი, საკუთარი ოცნება არასდროს ჰქონია, ამჯობინებდა სხვებზე, მათ სურვილებზე ეფიქრა და ეზრუნა. და რაც მთავარია, იყო ძალიან სუფთა და სპეტაკი. სისპეტაკე იყო მისი სილამაზის მთავარი შტრიხი, მისი მიმზიდველობა კი - სიმორცხვე. იმ დროს, უკანასკნელი დედოფლის, ვიქტორიას ხანაში, ყველა სახლს თავისი ანგელოზი ჰყავდა. როდესაც წერა დავიწყე, პირველივე ბწკარედის დაწერისას გადავაწყდი მას. ჩემს ფურცელს მისი ფრთების ჩრდილი დაადგა; ოთახში მისი კაბის შრიალის ხმა მესმოდა. როდესაც ხელში კალამი ავიღე და ნოველის მიმოხილვის წერა დავიწყე, ჩემს უკან დადგა, ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა: "ჩემო ძვირფასო, შენ ახალგაზრდა ქალი ხარ. შენ რევიუს წერ წიგნზე, რომელიც კაცმა დაწერა. გამოიჩინე თანაგრძნობა; იყავი სათუთი, შეაქე, იცრუე; გამოიყენე ჩვენი სქესისთვის დამახასიათებელი ყველა ხელოვნება და ეშმაკობა. არავის აფიქრებინო, რომ შენ საკუთარი აზრიც გაგაჩნია. და რაც მთავარია, იყავი სუფთა, წმინდანივით სუფთა." ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი კალამი მას ეჭირა. მივუბრუნდი და ყელში წავავლე ხელი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ მოვკალი. ამის გამო სასამართლოში რომ ამომეყო თავი, ვიტყოდი, რომ თავს ვიცავდი. არ მოვკლავდი, თვითონ რომ არ სდომოდა ჩემი მოკვლა. ის ცდილობდა ჩემი ნაწერებისთვის გული ამოეგლიჯა. როგორც კი ფურცელი და კალამი ავიღე ხელში, მაშინვე მივხვდი - საკუთარი მოსაზრებების გარეშე წიგნზე არათუ რეცენზიას დაწერთ, ვერც წაიკითხავთ. არაფერი გამოგივათ, თუ არ გამოხატეთ რას ფიქრობთ ურთიერთობებზე, მორალზე, ადამიანებზე. და თუ "სახლის ანგელოზს" დაუჯერებთ, ვერასდროს იტყვით რისი თქმაც გსურთ, ვერასდროს გამოთქვამთ საკუთარ აზრს ღიად და თამამად; ქალები სხვებს უნდა ხიბლავდნენ, მათ უნდა მოითმინონ, მათ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, სულ უნდა იტყუონ, იმისათვის, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ამიტომაც, ყოველთვის, როდესაც ჩემს ფურცელს მისი ფრთების ჩრდილი დაეცემოდა, ვიღებდი სამელნეს და ვესროდი. მისი მოკვლა ძალიან გამიჭირდა. ბევრად უფრო რთული იყო ფანტომის მოკვლა. ალბათ რეალური ადამიანის მოკვლაზე უფრო რთულიც. ყოველთვის უკან ბრუნდებოდა. რომ მეგონა მოვიშორე, მოდიოდა ისევ და ისევ. საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი, როცა საბოლოოდ გავანადგურე, თუმცა ბრძოლა ხანგრძლივი და მძიმე იყო; იმ დროში, რაც მასთან ძიძგილაობაში გავატარე, ბერძნულ გრამატიკას ვისწავლიდი, ან თავგადასავლების საძიებლად მსოფლიოს შემოვუვლიდი გარეშემო. მაგრამ ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის; ეს იყო გამოცდილება, რომელიც იმ დროინდელ ყველა მწერალ ქალს უნდა გამოეცადა. "სახლის ანგელოზის" მოკვლა ყველა მწერალი ქალის საქმიანობის ნაწილს შეადგენდა.

მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია ჩემი ამბის მოყოლა. ანგელოზი მოკვდა; და რა დარჩა? თქვენ მარტივად შეგიძლიათ თქვათ - დარჩა ახალგაზრდა გოგო, თავის საძინებელში, სამელნესთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან სიცრუეს თავი დააღწია და დარჩა საკუთარ თავთან მარტო. მაგრამ რა არის ეს "საკუთარ თავთან დარჩენა"? იცით რას ვგულისხმობ? იცით რას ნიშნავს იყო ქალი? დამიჯერეთ, მე არ ვიცი. არც იმის მჯერა, რომ თქვენ იცით. არ მჯერა, რომ ვინმემ შეიძლება გაიგოს მანამ, სანამ არ გამოხატავს თავის თავს რაიმე პროფესიაში, რომლებიც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა თავისი უნარების გამოვლენა შეძლონ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს აქ მოვედი - თქვენი პატივსცემა, ქალების, რომლებიც ახლა გადიხართ გზას იმისათვის, რომ გაიგოთ რას ნიშნავს ქალი, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით.

განვაგრძობ მოყოლას ჩემი პროფესიული გამოცდილების შესახებ. ჩემს პირველ რევიუში ერთი ფუნტი, ათი შილინგი და ექვსი პენსი გადამიხადეს; ამ ფულით, როგორც გითხარით, წავედი და სპარსული კატა ვიყიდე. მერე ამბიციები გამიჩნდა. კი ბატონო, კატა ძალიან კარგია, განსაკუთრებით სპარსული, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მანქანა მჭირდება. ამიტომაც დავიწყე წერა - ძალიან უცნაურია, მაგრამ ასეა - თუ ხალხს ამბებს მოუყვები, ისინი სანაცვლოდ მანქანას მოგცემენ. უფრო უცნაური ისაა, რომ ამბების მოყოლაზე უფრო სასიამოვნო მსოფლიოში არაფერი არსებობს. ბევრად უფრო სასიამოვნო, ვიდრე სხვისი წიგნების რევიუების წერა. მაგრამ, თუ გავიხსენებ, რატომ მომიწვია თქვენმა მდივანმა და მან მომიწვია ჩემი პროფესიული გამცდილების გასაზიარებლად, მაშინ ერთი ძალიან უცნაური გამოცდილების შესახებ უნდა მოგიყვეთ. კარგად რომ გაიგოთ, ჯერ უნდა შეეცადოთ და წარმოიდგინოთ როგორ მუშაობს მწერლის ტვინი. არ მგონია, რომ ამით პროფესიულ საიდუმლოს გავცემ, ამიტომ გეტყვით - წერის პროცესში, ყველა მწერალს სურს მაქსიმალურად გამოთიშული იყოს სამყაროსგან. უნდა, რომ ლეთარგიულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. უნდა ცხოვრებამ წყნარად იდინოს, უნდა ხედავდეს ერთსა და იმავე სახეებს, კითხულობდეს ერთი და იგივე წიგნებს, ყოველდღიურად აკეთებდეს ერთი და იგივე საქმეს, თვიდან თვემდე. მოკლედ არაფერმა უნდა გაუფანტოს ის ილუზია, რომელშიც ცხოვრობს, არაფერმა შეაწუხოს, არავითარმა ყოფითმა სირთულეებმა არ უნდა გამოიყვანონ იმ ილუზორული მდგომარეობიდან, ხელი არ უნდა შეუშალონ, როცა მოულოდნელად რაღაცას აღმოაჩენს, როცა მისი წარმოსახვა, სული სულ სხვაგანაა, სხვა განზომილებაში. მე მგონია, რომ ეს მდგომარეობა ქალისთვისაც და კაცისთვისაც ერთნაირად დგება. როგორც არ უნდა იყოს, მინდა წარმოიდგინოთ, როგორ ვწერ წიგნს ტრანსში მყოფი. მინდა წარმოიდგინოთ გოგო, კალმით ხელში, რომელიც გაუნძრევლად ზის, შესაძლოა რამდენიმე საათიც და ამ დროის განმავლობაში კალამს ერთხელაც არ ჩააწობს მელანში. ამ დროს ყოველთვის ტბის პირას მჯდომი მეთევზე მახსენდება, თავის ფიქრებში ჩაძირული, შეიძლება მეოცნებეც. ახალგაზრდა ქალი აძლევს თავის წარმოსახვას საშუალებას იქექოს ყველაფერში, გადაჩხრიკოს მსოფლიოში არსებული ყველა კენჭი, რომელიც ღრმადაა ჩაძირული ჩვენს ქვეცნობიერში. ახლა იმ გამოცდილების შესახებ გეტყვით, რომელიც ქალ მწერლებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კაცებში. ნაწერი გოგოს თითებში თითქოს დასრიალებდა. წარმოსახვა სადღაც გაქრა. ის დაეძებდა სიღრმეებს, ბნელ ადგილებს, ფსკერს, სადაც ყველაზე დიდი თევზები თვლემენ. მერე დაიწყო მსხვრევა. დიდი აფეთქება. გაშმაგება და დაბნეულობა. წარმოსახვა რაღაც მძიმეს დაენარცხა და დაიფშვნა. გოგო გამოერკვა, თითქოს სიზმარს ხედავდა და გაეღვიძა. ის მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ძალაგამოცლილი. მარტივად რომ ვთქვათ, ის ფიქრობდა ვნებაზე, სხეულზე, რაღაც ისეთზე, რომლის ხმამაღლა თქმა არ შეუძლია, იმიტომ, რომ ქალია. შინაგანი ხმა ეუბნება - ეს რომ ვთქვა, კაცები ხომ შოკში ჩავადებიან. იმის გაცნობიერებაც საკმარისია, რას იტყვიან კაცები ქალზე, რომელიც ღიად საუბრობს თავის ვნებებზე, რომ ქალი არაცნობიერს გამოეთიშოს და უმალ დაეშვას მიწაზე. ამის მერე წერა შეუძლებელია. ტრანსი სადღაც გაუჩინარდა. მისი წარმოსახვა აღარ მუშაობს. ეს ყველაზე გავრცელებული გამოცდილებაა, როცა ქალ მწერლებზე ვლაპარაკობთ - მათ ძალიან უშლის ხელს საპირისპირო სქესის კონსერვატიული შეხედულებები. იმის გამო, რომ მამაკაცები ამ თვალსაზრისით დიდ თავისუფლებას ანიჭებენ საკუთარ თავს, მეეჭვება, აცნობიერებდნენ იმ უკიდურეს სიმძიმეს, რომელსაც ქალებს აკისრებენ თავისუფალი ლაპარაკისთვის.

ეს გახლავთ ჩემი ორი, ყველაზე მთავარი და ჭეშმარიტი გამოცდილება. ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ორ თავგადასავალი იყო. ერთი - სახლის ანგელოზის მოკვლა და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გადავჭერი. სახლის ანგელოზი ნამდვილად მოკვდა. მაგრამ მეორე, რომელიც საკუთარი სხეულის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკს ეხება, არ მგონია დაძლეული მქონდეს. და ვეჭვობ, რომ ეს პრობლემა ჯერ არცერთ ქალს არ გადაუჭრია. წინაღობები, რაც ამ მიმართულებით ქალს ხვდება ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. მისი გადალახვა არაა ადვილი საქმე. გარედან რომ შეხედო, რა არის წიგნების წერაზე ადვილი? ვითომ რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ ქალებს კაცებისგან განსხვავებით? მაგრამ ეს ყველაფერი გარედან ჩანს ასე. სინამდვილეში კი ძალიან რთული ამბავია. ქალს ჯერ კიდევ ბევრ ფანტომთან უწევს ბრძოლა, ბევრი რამის გადაფასება, ბევრ ცრურწმენასთან შეჭიდება. კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ქალი დაჯდება წიგნის დასაწერად და არ მოუწევს ფანტომებთან შებრძოლება. ბევრი დრო გავა, სანამ ქალის წინაშე აღმართული კლდე დაიბზარება და ჩამოიშლება. და თუ ასე ხდება ლიტერატურაში, ყველაზე უფრო თავისუფალ პროფესიაში ქალებისთვის, წარმოიდგინეთ რა ხდება იმ ახალ პროფესიებში, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამთ?

ეს არის ის კითხვები, რომლებსაც დაგისვამდით, ბევრი დრო რომ მქონდეს. თუ დღეს მე აქცენტი ჩემს პროფესიულ გამოცდილებაზე გავაკეთე, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ფორმით ეს გამოცდილებები ყველა თქვენთაგანს ეხება. მაშინაც კი, თუ გზა გაკაფულია - როცა ქალს არაფერი უშლის ხელს გახდეს ექიმი, იურისტი, საჯარო მოხელე, გზაზე მაინც ბევრ ფანტომთან მოუწევს ბრძოლა, ბევრი დაბრკოლების გადალახვა. ამ საკითხებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია; რადგან ასე მხოლოდ შრომის გაზიარება კი არა, სირთულეებიც გადაჭრის გზებიც შეიძლება მოიძებნოს. ამას გარდა, აუცილებელია განვიხილოთ ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც ვიბრძვით, რის გამოც ვეჭიდებით ამხელა სირთულეებს. რისთვისაც ვიბრძვით, საჩუქრად არავინ მოგვართმევს. ჩემი აზრით, აქ, ამ დარბაზში მყოფი ქალები ცდილობენ სხვადასხვა პროფესიებში პირველად სცადონ ბედი და ყოველი პროფესია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. თქვენ მოიპოვეთ საკუთარი ოთახი სახლში, რომელიც აქამდე კაცებს ჰქონდათ დაკავებული. თქვენ, მართალია დიდი შრომის ფასად, მაგრამ მაინც შეგიძლიათ გადაიხადოთ ამ ოთახის ქირა. თქვენ უკვე თვითონ გამოიმუშავებთ წელიწადში 500 ფუნტს. მაგრამ ეს თავისუფლება მხოლოდ დასაწყისია - ოთახი თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ის ჯერ კიდევ ცარიელი. თქვენს ოთახებში ავეჯი უნდა გაჩნდეს; თქვენ უნდა მოაწყოთ ის ისე, როგორც გსურთ. როგორ აპირებთ ამ ოთახის მოწყობას, ვისთან ერთად უნდა გაიზიაროთ ის და რა პირობების საფუძველზე? მე ვფიქრობ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვები. პირველად ცხოვრებაში შეგიძლიათ დასვათ ეს კითხვები; პირველად თქვენს ცხოვრებაში შეძლებთ თავად გადაწყვიტოთ რა უნდა იყოს პასუხები ამ კითხვებზე. სიამოვნებით დავრჩებოდი და კიდევ ვისაუბრებდი თქვენთან ერთად, მაგრამ, ჩემი დრო ამოუწურა და საუბარი უნდა შევწყვიტო.

21 იანვარი, 1931 წელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მთარგმნელი: ნინო კალანდია



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია