ქალებზე ძალადობა ავღანეთში
26 01 2012

მიუხედავად იმისა, რომ ქალისათვის ქორწინების კანონიერი ასაკი 18 წელია, იასმინი მხოლოდ 8 წლის იყო, როდესაც ოჯახმა, ნანგარჰარის შორეულ რაიონში, 60 წლის კაცს გაურიგა. ოთხი უბედური წლის შემდეგ, იასმინი თანასოფლელ საყვარელ მამაკაცთან ერთად გაიქცა სახლიდან.

როდესაც წყვილი გაქცევისა და ხელახალი ქორწინებისათვის დააკავეს, იასმინი ბავშვს ელოდა. ციხეში მშობიარობის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ქაბულში განლაგებულ თავშესაფარს შეეკედლა. მას ეშინია, რომ ოჯახი და პირველი ქმარი (რომელიც უკვე 70 წლისაა) საკუთარი ღირსების აღსადგენად მოკვლას დაუპირებენ.

„პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ განქორწინებაში დავეხმაროთ, ის უკვე 18 წლისაა და ამის უფლება აქვს,“ – ამბობს ორგანიზაცია „ქალები ავღანელი ქალებისთვის“ პროექტის მენეჯერი ჰუმა საფი. „ხოლო, შემდგომ მეორე ქმართან, რომელიც მას უყვარს, წესიერი ქორწინების საშუალება მივცეთ. ეს ქორწინება ქმრის განაჩენსაც შეამცირებს და ამის შემდეგ ისინი ერთად იცხოვრებენ,“ – დასძინა მან.

ავღანელმა ქალმა აქტივისტებმა ურბანულ დასახლებებში გენდერის საკითხში ცნობიერების ამაღლებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ისევე, როგორც განათლებისა და სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობაზე. დაარსდა ქალთა თავშესაფრები, მათ შორის იმ ქალებისთვის, რომლებიც ციხიდან ახალი გამოსულები არიან და სტიგმის გამო სახლში ვერ ბრუნდებიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავშესაფარში მცხოვრები ქალები თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობენ და არც თავისუფლად გადაადგილების საშუალება აქვთ.

მიუხედავად პროგრესისა, ტომპსონ–როიტერსის გამოკითხვამ, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა, ავღანეთი ქალებისთვის მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილად სცნო, ძალადობის, სიღარიბისა და ჯანმრთელობის სერვისებისადმი ხელმიუწვდომლობის გამო.

ავღანეთის ღატაკ ციხეებში მოქცეული 700 ქალიდან, უმეტესობა ცოლქმრული ღალატის ან „ზინას“ (ქორწინებამდე სექსუალური კავშირი) გამო არის დაპატიმრებული. უხშირეს შემთხვევაში, მათ ასე სჯიან ძალით ქორწინებისა ან ქრონიკული ძალადობისგან თავის დაღწევის მცდელობისათვის. ბევრ მათგანთან ერთად ციხეში მათი შვილებიც იმყოფებიან.

2009 წელს პრეზიდენტმა ყარზაიმ ხელი მოაწერა შიიტურ კანონს ოჯახის შესახებ, რომელიც ლეგალურს ხდიდა 14 წლის გოგონების გათხოვებას და ასევე უფლებას აძლევდა დაქორწინებულ მამაკაცებს ცოლებისთვის სექსუალური კავშირი დაეძალებინათ. სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებაში გამოძახილის შემდეგ, ეს შიიტური კანონი შეიცვალა.

ამავე წელს ავღანეთის მთავრობამ აამოქმედა კანონი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რომელმაც ისეთი მოვლენების კრიმინალიზება მოახდინა, როგორიცაა დაძალებით ქორწინება და გაუპატიურება.

გაეროს მიერ ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ანალიზის მიხედვით, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა „სასამართლო მოხელეებმა, ქვეყნის ბევრ ნაწილში კანონის გამოყენება დაიწყეს, თუმცა ასეთი შემთხვევები მცირერიცხოვანია და არ ასახავს მთავრობის მიერ ქალებზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების რეალურ სურათს.“

ავღანეთში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მომხდარში თავად ადანაშაულებენ. ქაბულში მცხოვრები ზუჰრა 12 წლის იყო, როდესაც ასაკით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს, რომელსაც უკვე სამი ცოლი ჰყავდა. ქმარი მას ყოველდღიურად პროსტიტუციას აიძულებდა, სანამ მათ სახლში რეიდი არ ჩატარდა. რეიდის დროს ზუჰრა დააკავეს, მან ორწლიანი სასჯელი მოიხადა და ახლა თავშესაფარში ცხოვრობს. იგი ულვე 17 წლისაა.

„ჩვენ მას განქორწინებაში დავეხმარეთ, მაგრამ მას ისევ სურს გათხოვება. ახლა ვცდილობთ დავარწმუნოთ და გავაგებინოთ, რომ კიდევ ბევრი დრო აქვს და აჩქარება არ ღირს,“ – აცხადებს ჰუმა საფი. „თუმცა მე მას ვერ დავადანაშაულებ, როდესაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ ქალებს ესახებათ გათხოვებაა და ქმარი, რომელიც მათ დაიცავთ,“ – ამბობს იგი.

*სახელები შეცვლილია სტატიაში მოხსენიებული ქალების იდენტობის დასაცავად.

წყარო: http://www.muslimwomennews.com/n.php?nid=6579&mid=567429



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან